თბილისის მთავრობის სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
თბილისის მთავრობის სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

თბილისის მთავრობის სხდომაზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„გადმოასვენეს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ტრაგედიაა, როცა ომი იწირავს გმირებს, მაგრამ კატასტროფაა, როცა მშვიდობიან პერიოდში გიკლავენ ძმას, შვილს, მამას. ვგლოვობთ მის მშობლებთან, სოფელთან და მეგობრებთან ერთად. მთელი საქართველოა ჭირისუფალი. მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს, შემდეგ ცხინვალის ე.წ. იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი, ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო.  „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე  მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.