„თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა" გაუქმდა, მერიაში აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამსახურს
„თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა” გაუქმდა. აღნიშნულს ითვალისწინებს თბილისის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 10 აპრილის №19.404.530 განკარგულების გათვალისწინებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, რომ „განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ ლიკვიდაცია და დაევალოს ქალაქის მთავრობას, უზრუნველყოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები”.
როგორც თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა არ ნიშნავს „მთავარ ბიბლიოთეკაში“ შემავალი 36 ბიბლიოთეკის არც თანამშრომლების განთავისუფლებას და არც შენობების გასხვისებას.
მისი განმარტებით, ბიბლიოთეკარებისთვის სამუშაო პირობები არ იცვლება, რადგან საუბარია მხოლოდ სამართლებრივი სტატუსის ცვლილებაზე, რის შედეგადაც უკვე გაუქმებული სსიპ-ის თანამშრომლები სამუშაოდ გადადიან მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაში, რომელიც მერიის მიერ შექმნილი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირია. ნინია მაჭარაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების შესახებ ბიბლიოთეკარები ინფორმირებულნი არიან და მათ უკვე შესთავაზეს ახლად შექმნილ გაერთიანებაში გადასვლა.
მისივე ინფორმაციით, ბიბლიოთეკებში დასაქმებული 300-ვე თანამშრომელი შეინარჩუნებს სამსახურსა და ხელფასს და იმუშავებს არსებულ შენობებში. ნინია მაჭარაშვილის განმარტებით, ახალ გაერთიანებაში გადასვლით ბიბლიოთეკების მართვა უფრო ეფექტიანი გახდება, ისინი გარემონტდება და ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. კერძოდ, დაგეგმილია ყოველწლიურად მინიმუმ სამი ბიბლიოთეკის გარემონტება. ამასთან, წლის ბოლომდე ორი ან სამი მედიათეკის გახსნაც იგეგმება. ნინია მაჭარაშვილის განცხადებით, მერია ბიბლიოთეკარების ტესტირებას არ აპირებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ბიბლიოთეკართა ნაწილი. როგორც ბიბლიოთეკარმა, ირინა კენჭაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ახალ გაერთიანებაში გადასვლაზე თანხმობა 330 ბიბლიოთეკარიდან მხოლოდ 60-მა განაცხადა. ის ამბობს, რომ ბიბლიოთეკარების უმრავლესობა წერილობით გარანტიას მოითხოვს, რომ მერია მათ დროებით ხელშეკრულებაზე არ გადაიყვანს, შედეგად, სამსახურიდან არ გაუშვებს და არც შენობებს გაასხვისებს. კენჭაძის ინფორმაციით, შესაძლოა, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკარები იურისტებთან კონსულტაციებს გადიან.