კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. როგორც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე აცხადებს, პროცედურა ერთჯერადი არ იქნება და სამუშაოებს რეგულარულად ჩაატარებენ. მისი განმარტებით, ხსნარს, რომლითაც დეზინფექცია ტარდება მოქმედების დაახლოებით ერთკვირიანი ვადა აქვს. დავით ასანიძს თქმით, იგეგმება ასევე მძღოლებისთვის ნიღბების დარიგება.
„ჩვენს მიკროავტობუსებში დეზინფექციის პროცედურა დავიწყეთ. ეს პროცედურა, რა თქმა უნდა, ერთჯერადი არ იქნება, რეგულარულად ჩატარდება. ხსნარი, რომლითაც დეზინფექცია ტარდება, საკმაოდ მაღალი ხარისხის არის და როგორც მომწოდებელმა აგვიხსნა, მას მოქმედების დაახლოებით ერთკვირიანი ვადა აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცდებით, რომ ყოველდღე ჩავატაროთ დეზინფექცია. ყველა მიკროავტობუსში ჯერ ხდება ორთქლით დამუშავება, რომელიც დეზინფიცირებას უკეთებს, ეს ხსნარი პრევენციას აკეთებს, რომ მომავალში არ გავრცელდეს მიკრობები და ვირუსები მიკროავტობუსში. ასევე ვაპირებთ, რომ მძღოლებს დღეს საღამოდან დაურიგდებათ ნიღბები და თუ თვითონ მგზავრობის დროს არ მოიხსნიან, ჩვენ მივცემთ საშუალებას, ყველას ჰქონდეს საკმარისი რაოდენობა და დაცულად იგრძნონ მძღოლებმაც თავი“, – განაცხადა კომპანია „თბილისის მიკროავტობუსების“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ასანიძემ.