„თბილისის მიკროავტობუსმა“ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ და პერსონალის გადაყვანა სჭირდებათ, მომსახურების საერთო ტარიფი განსაზღვრა
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი” სპეციალური განცხადებას ავრცელებს.
კომპანია აღნიშნავს, რომ ქვეყნაში კორონავირუსის COVID19-ის გავრცელების გამო, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რის შედეგადაც აიკრძალა მგზავრების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, მათ შორის მიკროავტობუსებითაც, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსახურე პერსონალს კი, ამ ვითარებაში გადაადგილების პრობლემა შეექმნა.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „თბილისის მიკროავტობუსი” მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა. სწორედ ამიტომ, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ქვეყნაში არსებული მნიშვნელოვანი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა ზემოხსენებული ტიპის ორგანიზაციისთვის, შემუშავდა მომსახურების ფასის საერთო ფორმულა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ფინანსური სარგებლის გარეშე. შესაბამისად, ერთ მიკროავტობუსზე, ყოველდღიური მომსახურეობა (სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხიდან დაძვრის შემდეგ, ავტოფარეხში დაბრუნებამდე) განისაზღვრა ფასით – ფიქსირებული 40 ლარი და განვლილი მანძილის მიხედვით, ერთ კილომეტრზე 0.70 ლარის გაანგარიშებით. მგზავრების გადასაყვანად გასული ყველა სატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად ასევე გაივლის დეზინფექციას“, – აცხადებს კომპანია.
„თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი გამოთქვამს მზადყოფნას, მოემსახუროს აღნიშნული ტარიფით ყველა იმ კომპანიას, რომელთა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.