თბილისის მეტროთი გადაადგილება სრულად იკრძალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული შეზღუდვა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული.
ამასთან, პრემიერის თქმით, სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.
„სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავოტმობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე“,- აღნიშნა გახარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან დროებით შეჩერებულია მიკროავტობუსების მომსახურებაც.
„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.