დამატებით 1 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, თბილისის მერიისგან სწავლის საფასურის დაფინანსება მიიღოს
დამატებით 1 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, თბილისის მერიისგან სწავლის დაფინანსება მიიღოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კერძოდ, კალაძის განმარტებით, დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზეც, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ქულა ან ნაკლები აქვთ.
„მინდა, მოგაწოდოთ სიახლე სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან დაკავშირებით. ჩვენ არავის პრობლემების პირისპირ არ ვტოვებთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით. ახალგაზრდების მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობები, რომელთა ცოდნა, განათლება, შესაძლებლობები უნდა იქნას გამოყენებული ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. იცით, რომ 2015 წლიდან ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ან ნაკლები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ინიციატივით ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება, დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ქულა ან ნაკლები ქულა აქვთ. ამ ინიციატივის შედეგად, დამატებით 1 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდნეტს ექნება შესაძლებლობა, თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2 250 ლარი, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ, სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველთა ბაზაში სარეიტინგო ქულებზე“, – განაცხადა კალაძემ.