თბილისის მერიის საბავშვო ღონისძიებების კვირეული იწყება
თბილისის მერიის საბავშვო ღონისძიებების კვირეული იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ღონისძიებების კვირეული იწყება, რომელიც პირველ ივნისს გაიხსნება და 6 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პირველ ივნისს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საბურთალოს, ვაკისა და ნაძალადევის რაიონების გამგეობების ორგანიზებით, დაგეგმილია ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დედაქალაქში არსებულ სამ დიდ პარკში: ვასო გოძიაშვილის პარკი, ბავშვთა ქალაქი „მზიური“ და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი).

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, მთელი დღის განმავლობაში კი, ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

კვირეულის ფარგლებში, 1-6 ივნისს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გაიხსნება გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი, ქართველი და უცხოური საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური დასების მონაწილეობით.

4 ივნისს თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში ჩატარდება. ფესტივალის მიზანია, საბავშვო სფეროში არსებული სხვადასხვა კომპანიის ცნობადობა გაზარდოს.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

პირველი ივნისი

დღის პროგრამა (ე.წ. კიკვიძის პარკი, 16:00–21:00 საათი)

სცენის პროგრამა

საბავშვო „ევროვიზიის“ მონაწილე ნიკო ქაჯაიას და სტუდია „რანინას“ მონაწილეთა კონცერტი;
თოჯინების თეატრი;
ილუზიონისტის შოუ;
საპნის ბუშტების შოუ;
ჯამბაზების შოუ;
აზოტის შოუ.

სივრცეში დაგეგმილი აქტივობები:

საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა;
მეზღაპრის კუთხე;
ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე;
VR სივრცე-გასართობი და შემეცნებითი თამაშებით;
სახის მოხატვა;
ბავშვების საყვარელი ზღაპრის გმირები;
10-მდე საბავშვო-გასართობი სადგური;
ბატუტი;
მოძრაობის თეატრის კოსტუმირებული წარმოდგენები;
უფასო ტკბილეული;
ფოტოზონა-გიფერი;
ანიმატორები (ბავშვების საყვარელი გმირები);
გიგანტური სათამაშო დინოზავრი (ხმოვანი ეფექტით);
კვების ზონა.

დღის პროგრამა (გოძიაშვილის სახელობის ბაღი, 12:00-18:00 საათი)

საბავშო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა კონცერტი;
საბურთალოს რაიონში სკოლის მოსწავლეთა კონცერტი;
თოჯინების თეატრის წარმოდგენა;
საპნის ბუშტების შოუ;
ილუზიონისტის შოუ–პროგრამა;
ჯამბაზის შოუ;
აზოტის შოუ;
სახის მოხატვა;
ელექტროატრაქციონები;
გიგანტური სათამაშო დინოზავრი (ხმოვანი ეფექტით);
ანიმატორები (ბავშვების საყვარელი გმირები).

დღის პროგრამა (ვაკის გამგეობა), („მზიურის“ პარკი, 16:00-20:00 საათი)

პირველ ივნისს, „მზიურის“ ტერიტორიაზე განთავსდება ბატუტი სასრიალოთი და ატრაქციონები. ასევე, მოეწყობა სხვადასხვა გასართობი კუთხე:

ფოტორატორი (არანაკლებ 200 ფოტოს დაბეჭდვა);
გრძელი ბუშტების საშუალებით, სხვადასხვა ფიგურისა და ცხოველების მასტერკლასი – ორი კუთხე;
მხიარული სათვალეები (საწრუპი ჩხირებით სათვალეების დამზადება) – ერთი კუთხე;
სახატავი და საძერწი კუთხე მაგიდებითა და სკამებით;
მინიგოლფი – ორი ბილიკი;
არჰოკეის მაგიდა – ორი ცალი;
სახის მოხატვა – ორი მხატვარი;
რგოლის სროლა მიზანში – ხუთი კომპლექტი;
მაგნიტური დართსის სათამაშო კუთხე;
ბურთის სროლა მიზანში.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება გიგანტური დინოზავრი გახმოვანებისა და შოუს ელემენტებით, ორი რობოტი, ორი ტროლი, ორი ლოლის თოჯინა, მიკი და მინი მაუსები, ფლამინგო, კონკია, იხვი დონალდი, პლუტო, სპაიდერმენი, ჯინი, ჟირაფი, პანდა და ორი ანიმატორი „ოჩოფეხი“. ასევე, მხიარული დრამერების მსვლელობა (არანაკლებ ექვსი დრამერი და ორი მსვლელობა). დაგეგმილია ბამბის ნაყინისა და პოპკორნის აპარატების განთავსება და პატარების გამასპინძლება. ასევე, დარიგდება ნაყინები ღონისძიების სტუმარი ბავშვებისთვის.

სასცენო პროგრამა მოიცავს:

საბავშვო კონცერტი;
ილუზიონისტის შოუ;
ჯამბაზის შოუ;
საპნის ბუშტების შოუ;
ქიმიური ლაბორატორია – „აზოტის შოუ“;
„ურჩხულის და ლამაზმანის“ სასცენო ნომერი;
თოჯინების თეატრი (ორი სპექტაკლი);

თბილისის გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი

პირველი ივნისი – თბილისის მერიის მხარდაჭერით და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში ქართველი და უცხოური საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური დასების მონაწილეობით, თბილისის გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.

ფესტივალი 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები, საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე, თეატრალური დასების უფასო წარმოდგენები ღია სივრცეებში – (მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე).

4 ივნისს – „თბილისის საბავშვო ფესტივალი 2022“ ცირკში გაიმართება, რომელიც დატვირთული იქნება ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის განკუთვნილი საგამოფენო სივრცეებით და გასართობ-შემეცნებითი აქტივობებით.

თბილისის საბავშვო ფესტივალი

4 ივნისს, 13:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში ჩატარდება.

საფესტივალო აქტივობები განაწილებულია ხუთ ზონაში:

სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს;
განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები;
ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, სხვადასხვა პროფილით მომუშავე ცენტრებს;
გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებს, ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს;
საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის ადგილობრივი მწარმოებლები;

ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. გამომცემლები სტუმრებს საბავშვო ლიტერატურაზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებენ.

ცირკის მთავარ დარბაზში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახელოვნებო სკოლა საჩვენებელი ნომრებით წარდგება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.