თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში.
„გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და ექვსი ერთეული სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია. გზის გაწმენდის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.