თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება
თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება

დედაქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. ცვლილებების მიხედვით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.

ამასთან, იქმნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.

მოხდება სათათბირო ორგანოების – კომისიების/საბჭოების გაუქმება. მმართველობითი პროცესები წარიმართება არასაჭირო რგოლების მონაწილეობის გარეშე.

ცვლილებების მიხედვით, გაუქმდა ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია/საბჭო. კომისიების და საბჭოების ფუნქციები გადაუნაწილდა მერიის შესაბამის სტრუქტურებს.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარდაიქმნება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაემატება რამდენიმე ძირითადი ფუნქცია, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებაში და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.

დედაქალაქის ნარჩენებით დაბინძურებასა და ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე რეაგირებას უზრუნველყოფს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

​მსხვილი და მუნიციპალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შესყიდვები განხორციელდება ცენტრალიზებულად. ამ მიზნით, მერიის სისტემის ორგანოებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელებას უზრუნველყოფს მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური.

განხორციელდება ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურების სერვისების ერთ სივრცეში მოქცევა/ცენტრალიზება. ამ მიზნით, მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულიდან და ყველა გამგეობიდან მოხდება ამ ფუნქციის გამოტანა და მისი ცენტრალიზება ერთ ა(ა)იპ -ში, რომელსაც „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ სახელით ჩამოყალიბდება.

ცვლილებების მიხედვით, მერიის საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით, განხორციელდება PR სამსახურების ცენტრალიზება. ამ მიზნით, მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, გამგეობებიდან, სსიპ-ებიდან, ა(ა)იპ- ებიდან და შპს-ებიდან მოხდება ამ ფუნქციის გამოტანა და მისი ცენტრალიზება ცალკე. შეიქმნება ახალ ა(ა)იპ-ი „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო“.

განხორციელდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებების მმართველობითი გაერთიანება. ამ მიზნით, მოხდება ორი საქალაქო სამსახურის გაერთიანება. კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური გაერთიანდება და კულტურის, განათლების და სპორტის საქალაქო სამსახური დაერქმევა.

კეთილმოწყობის სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გახდა.