თბილისის მერია - წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მდგომარეობა შემოწმებულია სპეციალისტების მიერ და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს
წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მდგომარეობა შემოწმებულია სპეციალისტების მიერ და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ დამცავ ჯებირთან დაკავშირებით და განვმარტოთ, რომ ინფორმაცია შეიცავს მთელ რიგ უზუსტობას.
სავარაუდოდ, საუბარია თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე განთავსებულ საყრდენ კედლებზე, რომელთა მშენებლობაც არა 10 თვის წინ, არამედ 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა.
სამშენებლო სამუშაოები კომპანია „ჯეუ გრუპმა“ აწარმოა, რომლისთვისაც პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 702 606 ლარი დაიხარჯა. კედელმა 2016 წელს მომხდარი სტიქიის დროს დამცავი ფუნქცია შეასრულა.
რაც შეეხება ნაშალ მასას, მისი გაწმენდა არ მოხდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, რადგან იგი შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს. გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გეგმურად მოხდება კედლის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც, კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს რეკონსტრუქციის სამუშაოებს“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.