თბილისის მერია - უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო იტალიის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
იტალიის ქუჩაზე, მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდიდან გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით, ხოლო ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილება დასაშვები იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ.
„გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ათონელის ქუჩიდან ვირსალაძის ქუჩაზე და შემდეგ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით; მძღოლები იმოძრავებენ ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ, ხოლო ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ასევე ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. შეზღუდვა 24 თებერვლის 11:00-დან 13:00 საათამდე იმოქმედებს“, – აცხადებენ მერიაში.