თბილისის მერია ტენდერის საფუძველზე დამატებით თეთრი ფერის ავტომობილებს შეიძენს, – ამის შესახებ დედაქალაქი მერმა, კახა კალაძემ მთავრობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებები შავი ფერის მანქანებს ვეღარ შეიძენენ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მთავრობის ინიციატივა მისასალმებელია.
“ჩვენ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა გვაქვს დაანონსებული და ამ რეფორმის ფარგლებში ვყიდულობთ დამატებით ავტომობილებს. უკვე დამთავრებულია ტენდერი და შეკვეთილი გვქონდა თეთრი ფერის ავტომობილები. ზოგადად შავი ფერის ავტომობილებზე უარის თქმა, რომელიც მთავრობამ მიიღო, რა თქმა უნდა, მისასალმებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
სახელმწიფო ავტოპარკის განახლებისას შავი ფერის ავტომობილებს აღარ შეიძენენ. ამის შესახებ მთავრობის შესაბამისი დადგენილება 30 მარტს გამოიცა.
დადგენილებაში, რომელიც სახელმწიფო ავტოპარკის განაწილებას, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვის წესს განსაზღვრავს, ნათქვამია, რომ ყველა უწყებამ, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის დროს ნორმატიული აქტი ამ დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად უნდა მიიღონ.