სახელმწიფო ავტოპარკის განახლებისას, შავი ფერის ავტომობილებს აღარ შეიძენენ. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 30 მარტს გამოიცა.
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის #121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.
დადგენილების დანართის პრეამბულას დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, სადაც წერია: „შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა“.
დადგენილებაში, რომელიც სახელმწიფო ავტოპარკის განაწილებას, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვის წესს განსაზღვრავს, ასევე ნათქვამია, რომ ყველა უწყებამ, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის დროს ნორმატიული აქტი ამ დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად უნდა მიიღონ.
სამინისტროებმა მთავრობას ავტოპარკის განახლების გეგმა 25 აპრილამდე უნდა წარუდგინონ. 25 აპრილამდე ავტოპარკის განახლების გეგმა უნდა წარადგინონ სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებებმაც.
ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 15 მაისამდე განსაკარგავად უნდა გადასცენ მანქანები, რომლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ როდესაც საუბარი იქნება ავტოპარკის შეცვლაზე, უარი უნდა თქვან შავ ფერზე. „ვფიქრობ, დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, რადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ, მეც, მათ შორის. ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა და ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება ავტოპარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ“, – განაცხადა პრემიერმა.