თბილისის მერია - შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად, რითაც აღვნიშნავთ, რომ ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება
დედაქალაქის მერია თბილისის ანძის განათების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
მერია საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის ანძის განათების პრინციპს განმარტავს.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად, რითაც აღნიშნავენ, რომ ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება.
„სხვადასხვა ორგანიზაციები და უწყებები, საელჩოები მიმართავენ მერიას შესაბამისი წერილით, რის საფუძველზეც, ანძის განათება ხდება. კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც – მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების წერილებს, მათი იდეური მრავალფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას – შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება. ამ ქვეყანაში ტოლერანტობას ვერასდროს ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე თანაბრად, მათი სექსუალური, ეთნიკური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად“, – ნათქვამია განცხადებაში.