თბილისის მერია რამდენიმე ბიუსტისა და მემორიალის ესკიზების კონკურსს აცხადებს
თბილისის მერია გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს. ასევე, ცხადდება კონკურსი ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზებზე.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საკონკურსო წინადადების თანახმად, გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი მისივე სახელობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული.
მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო მასალებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (N1-347) საფუძველზე შექმნილი კომისია. დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისივე სახელობის დარბაზში განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია და საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
„კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ბიუსტის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა. მასში მონაწილეობა ამ შემთხვევაშიც, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალს, საკონკურსო წინადადების თანახმად, იგი მისივე სახელობის სანაპიროზე (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) განთავსდება. ესკიზის შესარჩევი საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული.
კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება განხორციელდება ფარული წესით. მასში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორებს.
საქართველოს ეროვნული გმირების – ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტები/მემორიალი შარტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში ან/და მ. კოსტავასა და ს. ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შესარჩევი პირობები აღნიშნულ შემთხვევაშიც, თბილისის მერიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა წინა კონკურსების მსგავსად, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო მასალის წარდგენა და კონკურსის საქმიანობის წარმოება მოხდება ქართულ ენაზე. საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია ყველა შემთხვევაში, ხორციელდება კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. საკონკურსო კომისია მონაწილეთაგან თითო გამარჯვებულს გამოავლენს“, – აცხადებენ მერიაში.