თბილისის მერია - ისნის გამგეობამ ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანა
ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის სასტუმროში გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა.
ამასთან, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.
ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძარმა კიდევ რამდენიმე ბინა დააზიანა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.