თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო.
მათი თქმით, საუბარია თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან უსაფრთხოების ჯებირების მოწყობის ვალდებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მოუხსნა თბილისის მუნიციპალიტეტს.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ თბილისის მერიას „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ არასდროს გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი. ტერიტორია, სადაც ჯებირების განთავსება იყო მოთხოვნილი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ, უსაფრთხოებისთვის უკვე ორ წელიწადზე მეტია, შემოსაზღვრულია ღობით და განთავსებულია გამაფრთხილებელი აბრები.
შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის მუნიციპალიტეტს მოუხსნა პასუხისმგებლობა აღნიშნულ საკითხზე. გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს თბილისის მერია უსაფრთხოების ზომების გატარების წინააღმდეგია, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციის დანერგვის მცდელობას და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.