თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
კალაძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში გამოკვეთილი იქნება ორი ძირითადი მიმართულება – ინფრასტრუქტურული პროექტების და სოციალური, ჯანდაცვის მიმართულება.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში იქნება ორი ძირითადი მიმართულება, რასაც დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. ორი პრიორიტეტი გვექნება, პირველი ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ დღევანდელ სხდომაზე იმ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც მერია მოქალაქეებს სთავაზობს.
კერძოდ, კალაძის განმარტებით, მერია მარტიდან გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თითოეული პაციენტისთვის მკურნალობისთვის წლიურად საჭიროა 24 000 ლარი. კალაძის განმარტებით, სოციალურად დაუცველები 100 პროცენტით დაფინანსდებიან, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ მედიკამენტები 80 პროცენტით დაუფინანსდებათ.
„მოგეხსენებათ, გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა და მის მკურნალობას სჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევა. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – ჩვენ ადამიანებს არასდროს დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის გვერდით დავუდგებით. თითოეული პაციენტისთვის წლიურად საჭიროა 24 000 ლარი. სოციალურად დაუცველები 100 პროცენტით დაფინანსდებიან, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ 80 პროცენტით დაუფინანსდებათ მედიკამენტები. ადრეულ სტადიაზე აღნიშნული დაავადების მკურნალობა ნიშნავს სრულფასოვან ცხოვრებას, საზოგადოებისგან მოწყვეტისა და შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რათა ისინი დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ საქმიანობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველთვის გვერდში დავუდგებით ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.