თბილისის მერია - დიდი ხანია, ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, მომავალი კვირის ბოლოს დამონტაჟდება მონიტორინგის სპეციალური სისტემა
ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით დიდი ხანია, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები, – ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.
თბილისის მერია გამოეხმაურა ვაშლიჯვრის მოსახლეობის პეტიციას, რომლის მიხედვით, მოსახლეობა კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვს.
როგორც მერიაში აცხადებენ, მეწყრული პროცესის დაწყების დღიდან მიმდინარეობს მონიტორინგი, მომავალი კვირის ბოლოს კი, დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემა.
„პეტიცია დღეს შემოვიდა მერიაში, გავეცნობით და გაეცემა შესაბამისი პასუხი. რაც შეეხება მედიის მიერ დასმულ კითხვებს, გაცნობებთ, რომ ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით დიდი ხანია, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები. ამას გარდა, თბილისის მერმა მოუწოდა სპეციალისტებს, შემოუერთდნენ ჯგუფს და ჩაერთონ პროცესში.
რაც შეეხება მონიტორინგს, მეწყრული პროცესის დაწყების დღიდან მიმდინარეობს მონიტორინგი, მომავალი კვირის ბოლოს კი დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემა. თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან არ არსებობს მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა. ყოველთვის მზად ვართ, სპეციალისტებთან ერთად შევხვდეთ და ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.