თბილისის მერია - დედაქალაქის მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა
დედაქალაქის მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის მერიასთან დღეს აქცია გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1503-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
მათივე განმარტებით, სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ მერიის იურიდიულ სამსახურში გაასაჩივრეს, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა დღეს თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია ოთხი პირი.