თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარს და თანამშრომელს „კოვიდ-19“-ზე „პისიარ“-ტესტირება ჩაუტარდათ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა და პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დააანონსა.

„დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად ჩვენ უკვე დავიწყეთ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. ტესტირება ხდება „პისიარ“-ტესტების საშუალებით. ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონატი, რომელიც წარმოადგენს რისკჯგუფს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ ადამიანების მონახულება. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პროფესიონალებს და პერსონალს, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი უკვე 34 დღის განმავლობაში იმყოფებიან კარანტინში და უვლიან ჩვენს მოხუცებულებს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, თამილა ბარკალაიაც იმყოფებოდა.

დედაქალაქის გარდა, პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში, სადაც 62 პირი გაიტესტა. თავშესაფრების ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება.