თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ორ კორპუსში აივ/შიდსითა და „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება განახლდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ორ კორპუსში აივ/შიდსითა და „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება განახლდა.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დაახლოებით სამ კვირაში კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება განახლდება ბოქსირებულ განყოფილებაშიც.
„გუშინ, დღის მეორე ნახევარში ორ კორპუსში განვაახლეთ პაციენტების მიღება, ანუ განახლდა აივ/შიდსით ინფიცირებული და მხოლოდ ერთ კორპუსში „კოვიდ-19“- ით ინფიცირებული პაციენტების მიღება. კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ჩვენი ძირითადი ბაზა გახლავთ ბოქსირებული განყოფილება, მაგრამ ამ განყოფილებაში ჯერ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ სამ კვირაში მიწოდების ყველა სერვისი გაიმართება და ბოქსირებული განყოფილებაც გააგრძელებს „კოვიდ-19“- ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება 20 აგვისტოდან შეაჩერა. საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება საავადმყოფოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდებოდა. მოგვიანებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი