თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება დღეიდან შეაჩერა
თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება დღეიდან შეაჩერა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ კლინიკამ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა.

მისივე თქმით, აღნიშნულის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს არაერთგზის ეცნობა.

ამასთან, ცერცვაძე განმარტავს, რომ ჯერჯერობით გრძელდება აივ/შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღება, რადგან აღნიშნული კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა დიდ რყევებს გამოიწვევდა.

თენგიზ ცერცვაძე გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება.

„ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა „კოვიდ-19“-ით პაციენტებისა და აივ/შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ/შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა“, – განუცხადა ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს.

ამასთან, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებას არ ეთანხმება.

„რაც შეეხება ქალბატონი მინისტრის ფორმულირებას და პასუხს კორესპონდენტის შეკითხვაზე, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მისი პასუხი არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ ქალბატონ მინისტრს და მასთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი.

რეალურად საქმე შემდეგშია – ინფექციური პათოლოგიის ცენტრს რომ მუშაობა უწევდა ექსტრემალურად მძიმე, კრიტიკულ პირობებში, ამას არც ის უარყოფს, ეს ყველამ იცის. ისიც მართალია, რომ შვიდი წლის ლოდინის შემდეგ, არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება, ჩვენ გადმოგვცენ ახალი შენობა, არსებობს მზაობა, ამ ახალ შენობაში, რომელიც არ არის დამთავრებული, სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, გაკეთდეს შესაბამისი სარემონტო სამუშაოები, ის მოვიდეს შესაბამისობაში ინფექციური პროფილის კლინიკასთან. მაგრამ, ამას დასჭირდება სულ მცირე ერთი წელი, შეიძლება, მეტიც. ამ ერთი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, აუცილებელია, ჩვენს ცენტრს მისი დღევანდელი განთავსების ადგილზე ჰქონდეს მინიმალური, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები პაციენტების მომსახურებისთვის.

რომ არაფერი ვთქვათ უკიდურესად ცუდ, პაციენტისთვის მიუღებელ კონდიციებზე, რა მდგომარეობაშიც არის კლინიკის ინფრასტრუქტურა, პალატები, დერეფნები, ტუალეტები და სხვა, ესეც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, გამართული იყოს, მაგალითად, სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგაბდის მიწოდების სისტემა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, რომელიც უკვე წელიწადნახევარია, შეძენილი გვაქვს, დასაწყობებულია და ფუჭდება, მისი განთავსებისთვის შესაბამისი ოთახის მომზადება. ეს ყველაფერი არის არა რაღაც ფუფუნება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც ცენტრს დღესვე სჭირდება.

ჩვენ ამის შესახებ უკვე ერთი წელია, არაერთგზის მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, განსაკუთრებით ინტენსიური იყო ჩვენი მიმართვები ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ინტენსიური ბოლო ერთი თვის მანძილზე, სადაც ვთხოვდით მას, დაგვხმარებოდა გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში. მხედველობაში მაქვს საჭირო სახსრების გამოყოფა. ჩვენი მოთხოვნები, გადაუდებელი სამუშოებისთვის საჭირო სახსრების შესახებ იყო მინიმალური, ძალიან მცირე სახსრები იყო საჭირო, შედარებით მცირე, სადღაც 300 000 ლარის ფარგლებში. თვითონ სამინისტროს რეგულირების სამსახურმა ჩვენი მიმართვების საფუძველზე, ორჯერ შეამოწმა ჩვენთან არსებული სიტუაცია, ერთხელ იანვარ-თებერვალში, მეორედ 22 ივლისს და დაადასტურა ის ვითარება, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება აუცილებელია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე ამბობს, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.

„თებერვალში თვითონ სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოში გვიჩივლა. კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ეკატერინე ტიკარაძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის ან ეკონომიკის სამინისტროებიდან არ ყოფილა შეფერხება, ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი დივიდენდები საჭიროებისამებრ განეკარგა, ცერცვაძის თქმით, არც ერთი სამინისტროსგან არ მიუღიათ უფლება დივიდენდის გამოყენებაზე.

„ესეც კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს. სამუშაოების ჩატარება შეიძლებოდა ორი გზით. ერთი – ჯანდაცვის სამინისტროს აქვს „რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამა“ და ყოველწლიურად რაღაც გარკვეული თანხაა გამოყოფილი. მიგვაჩნია, თუ ამ პროგრამით სადმე უნდა განხორციელებულიყო რაიმე სარემონტო სამუშაოები, ეს უნდა მომხდარიყო ჩვენთან. ამაზე მინისტრს ჰქონდა პასუხი, რომ ცენტრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული და აღნიშნული პროგრამით ვერ გააკეთებს. ერთი წელია, სამინისტროს ამას ვთხოვთ და მას თავისუფლად შეეძლო, ბიუჯეტის ფორმირებისას საჭიროება გაეთვალისწინებინა.

მინისტრმა გვიპასუხა, რომ ის იფიქრებდა სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე და შემოგვთავაზა გზა, გამოგვეყენებინა ჩვენი დივიდენდი, მაგრამ ამას ასე ვერ გამოვიყენებთ, ჩვენი ფული არ არის, ჩვენთან არ დევს. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიიღოს დაწესებულებამ, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს სპეციალური კომიტეტის და ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური გადაწყვეტილება. ქალბატონი მინისტრი შეგვპირდა, რომ გაგვიწევდა შუამდგომლობას ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან, რათა დაერთოთ ნება, გამოგვეყენებინა დივიდენდი.

აი, აქ არის ის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ის ამბობს, რომ ყველა სამინისტროს მხრიდან არსებობდა მზაობა დივიდენდის გამოყენებაზე, რაში გამოიხატება მზაობა? ბოლო ორ თვეში თითქმის ყოველდღე ვწერდით წერილობით ჯანდაცვის სამინისტროს და არ მიგვიღია არანაირი პასუხი, რომ შედგა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს შორის და დაგვრთეს ნება დივიდენდის გამოყენებაზე. ეს უნდა მოხდეს წერილობით, ოფიციალური გადაწყვეტილებით. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიგვეღო, რემონტს გავაკეთებდით. ჩვენ არ ვიცით, ჯანდაცვის სამინისტრომ არ მიმართა, მიმართა, თუ მათ უპასუხეს უარით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე მკრეხელობას უწოდებს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომელიც სოციალური სააგენტოს ორი თვით ადრე გაფრთხილების გარეშე, კლინიკის მიერ პროგრამის დატოვების გამო, კანონით გათვალისწინებულ 10-პროცენტიან ჯარიმას უკავშირდება.

„რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ პროგრამის დატოვება გვინდა, ორი თვით ადრე უნდა მიგვემართა, დავჯარიმდებოდით 10 პროცენტით და რაღაც, არ მინდა, რაიმე მკვახე სიტყვა გამოვიყენო, ეს მკრეხელობაა. მკრეხელობაა ჩვენი აქეთ არაფერში დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს „ავერსის“ და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა, თუ რატომ არ აქვს თბილისის ინფექციურ სააავდმყოფოს უკვე 10 წელია, საკუთარი ტერიტორია. გარდა ამისა, ცერცვაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს „ავერსთან“ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება შვიდი თვით დაგვიანდა, რამაც ცენტრს მძიმე შედეგები მოუტანა.

„ჩვენ არ გვაქვს საკუთარი ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, ვინაიდან 10 წლის წინ, ის სახელმწიფომ მიყიდა შპს „ავერსი ფარმას“ და ჩვენ ვართ მდგმურების სტატუსით, ძალიან შევიწროებული. ყოველწლიურად ფორმდება „ავერსთან“ საიჯარო ხელშეკრულება, სამინისტრო უხდის საიჯარო ხელშეკრულების თანხას და გვეძლევა უფლება, ვიმუშაოთ. წელს საიჯარო ხელშეკრულება ისევ სამინისტროს პასუხისგებლობის გამო, არ გაფორმდა იანვარში და გაფორმდა დიდი დაგვიანებით, ახლახან, ივლისში, ისიც ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის გამო. ჩვენთვის ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა იმას, რომ არ გვქონდა მთელი 7 თვე საიჯარო ხელშეკრულება. კერძოდ, „ავერსი ფარმა“აცხადებდა, რადგან საიჯარო ხელშეკრულება არ გვქონდა, ჩვენი იქ ყოფნა იყო არალეგიტიმური, ყველანაირად გვავიწროებდა.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა როგორმე გადავრჩენილიყავით, ვიდრე ახალ შენობას მოგვცემდნენ და სახელმწიფოსთვის არ გვეგრძნობინებია ის გაჭირვება, რაშიც ვიმყოფებით. ასეთ პირობებში მუშაობის მიუხედავად, ჩვენ ყველა მიმართულებით ვდებთ შედეგებს, რომელიც საუკეთესოა ჩვენს ქვეყანაში და ხშირად ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ გამოყო 40 მილიონი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის, მსოფლიო ბანკის ფარგლებში კი, გარკვეული ჯგუფი მუშაობს, რათა დაიწყოს რემონტი ახალ შენობაში და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცეს იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკის ფუნქციონიებისთვის არის საჭირო.

აღნიშნული კომენტარით ტიკარაძემ უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას: „ჩვენი ინფორმაციით, დღეიდან თბილისის ინფექციურმა კლინიკამ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა, რაც საქმიანობისთვის აუცილებელი პირობების არქონას უკავშირდება. თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას და რა ბედი ელით პაციენტებს, ასევე, რატომ გაჭიანურდა დაპირებული რემონტი, „ავერსსაც“ ხომ არ უკავშირდება“.

მინისტრის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს არანაირი რისკი არ შეექმნებათ. რაც შეეხება აივ ინფიცირებულ პაციენტების მიღების შეჩერებას, ტიკარაძის განმარტებით, კლინიკა, რომელიც აღნიშნულ პროგრამას ტოვებს, ვალდებულია, სოციალურ სააგენტოს ორი თვით ადრე წერილობით მიმართოს.

ტიკარაძის განმარტებით, თენგიზ ცერცვაძეს სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს. რაც შეეხება ამჟამინდელ შენობაში რემონტს, ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის ან ეკონომიკის სამინისტროებიდან არ ყოფილა შეფერხება, ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი დივიდენდები საჭიროებისამებრ განეკარგა.