თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი მკურნალობას. მათგან ერთი კლინიკას დღეს დაემატა. საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ახალი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მსუბუქია, უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები.
ენდელაძის თქმით, კლინიკაში კვლავ რჩება ერთი კრიტიკული პაციენტი, თუმცა მისი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.
სტაციონარი დღეს სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
„ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად გახლავთ 30 კოვიდინფიცირებული. დღეს გაეწერა სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი. შემოვიდა ერთი ახალი ინფიცირებული. ერთი გვყავს კრიტიკული, რომელიც უკვე კარგა ხანია, ასეა. მასთან დადებითი დინამიკაა, მაგრამ ჯერ მაინც კრიტიკულ პაციენტად ითვლება.
ასევე გვყავს ერთი მძიმე პნევმონია. ვაწარმოებთ დაკვირვებას. რაც შეეხება დღეს შემოსულ პაციენტს, ჯერ კლინიკურად არ არის მძიმე, მსუბუქია, თუმცა ვნახოთ, კვლევის შედეგები რაც მოგვცემს. ხვალ რამდენიმე პაციენტი გაიტესტება განმეორებით და საღამოს მოგახსენებთ, რამდენი გვეყოლება გაჯანმრთელებული“, – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 695 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 425 გამოჯანმრთელდა.