თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ კიდევ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი კიდევ 11 პაციენტის შემთხვევაში კორანავირუსზე ტესტის პასუხები ცნობილია და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.
ეზუგბაიას თქმით, საინკუბაციო პერიოდის შეფასების შემდეგ, აღნიშნული პაციენტები საკარანტინო სივრცეში გადაინაცვლებენ.
„ამ ეტაპზე, ჩვენს ცენტრში იმყოფება 31 პაციენტი. დღეს, დილას 11 პაციენტს აუღეს ცხვირ-ხახის ნაცხი ვირუსზე. პასუხი უარყოფითია. ახლა ამ პაციენტების გამოკითხვა, საინკუბაციო პერიოდების შეფასება ხდება და შესაბამისად, არსებული მონაცემებით, ეს პაციენტები საკარანტინო სივრცეში გადაინაცვლებენ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, რვა ახალი პაციენტის ცხვირ-ხახის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებისთვის და პასუხები დღეს, გვიან ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
„დღის განმავლობაში შემოვიდნენ პაციენტები და რვა ახალი პაციენტის ცხვირ-ხახის ნაცხი წაღებულია ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებისთვის“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ შეცვლილა.