თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 42 პაციენტია მოთავსებული. მათგან 17-ის ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ჯერ ცნობილი არ არის. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, შედარებით მძიმეა ორი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა.
„ისევ გვყავს 12 ინფიცირებული პაციენტი. მათგან ერთის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე. მას აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება და უტარდება ყველა სამკურნალო ღონისძიებები. მას ჯერ არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და ჟანგბადის თერაპია, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს და ამისათვის მზად ვართ. კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა, ტემპერატურამ აიწია 38-მდე. ჯერ ბოლომდე არ გვაქვს დადასტურებული, მაგრამ სავარაუდოდ მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია. 12-დან ორი ადამიანი არის შედარებით მძიმე. ამ ორიდან ერთი კიდევ შედარებით უფრო მძიმე. დანარჩენი 10 პაციენტიდან ერთი აბსოლუტურად უსიმპტომოა და ცხრას აქვს მინიმალური სიმპტომები – ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა და ა.შ.“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება კიდევ ერთ ინფიცირებულ პაციენტს, რომელიც საჩხერის კლინიკაშია მოთავსებული, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, იგეგმება თუ არა პაციენტის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა, ვინაიდან სავარაუდოდ ძალიან მსუბუქი შემთხვევაა.
„ამის შესახებ არაფერი ვიცი, ის ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენს კონტროლს მიღმაა. დიდი ალბათობით ის არის მსუბუქი, ძალიან მსუბუქი შემთხვევა. ეს რომ ასე არ იყოს, აუცილებლად ან ჩვენთან გადმოიყვანდნენ, ან ჩვენ მიგვიწვევდნენ იქ. რადგან ასეთი არაფერი მომხდარა, შესაბამისად, ის არის ძალიან მსუბუქი შემთხვევა“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.