თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 50 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 50 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.
მისივე თქმით, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს აღენიშნებათ ორმხრივი პნევმონია, იმყოფებიან შესაბამის მკურნალობაზე და დინამიკაში აღენიშნებათ გაუმჯობესება.
„ასევე, გვყავს ახალი პაციენტები, რომლებთანაც ტარდება ლაბორატორიული კვლევები და ხვალ დღის პირველ ნახევარში უკეთესად გვეცოდინება მათი მდგომარეობა. ამ ეტაპზე ფასდებიან, როგორც საშუალო სიმძიმის და მსუბუქ პაციენტებად. რა თქმა უნდა, გვყავს პაციენტები, რომლებთაგან უახლოეს 48 საათში ველოდებით გამოჯანმრთელებას. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, დაახლოებით სამიდან ხუთ პაციენტამდე“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.