თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ შვიდ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს.
სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათგან შვიდს მძიმე პნევმონია აქვს.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 33 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მძიმე პნევმონიით გვყავს შვიდი პაციენტი, მათგან ორი არის უფრო მძიმე, რომელთანაც დაწყებული მკურნალობის მიუხედავად, დაავადება პროგრესირებს, ძალიან აგრესიულად არა. იმედი გვაქვს, მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება. დანარჩენი ხუთი პაციენტი ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.