თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი მათ ცენტრშია დადასტურებული.

მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ცნობილია და ის ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

„გუშინ დილით, ამ პერიოდში 195 პაციენტი იყო დადასტურებული, დღეს დილამდე დაგვემატა 13 ახალი შემთხვევა, გახდა 208. ესეიგი, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 208 დადასტურებული შემთხვევა. ამ 13 პაციენტიდან ხუთი ბათუმშია, ორი ქუთაისში და დანარჩენი თბილისში. აღნიშნული 13-დან ჩვენთან დადასტურებულია ორი შემთხვევა. წყარო არის ეროვნული ბანკი. ეს ორი პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული. ერთ-ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ჯამში 35 პაციენტია განკურნებული და ტესტირება კვლავ გრძელდება.

„გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა. აქედან ცხრა იყო განმეორებითი, აქედან ექვსი გამოჯანმრთელებული იყო. სამი იყო ისეთი, პირველად რომ უარყოფითია და ახლა ჩატარდება განმეორებითი ტესტირება. დანარჩენი ორი დადებითი ახალი შემთხვევა და 13 უარყოფითი გვქონდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 46 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდ19-ით სამი პაციენტი გარდაიცვალა.