თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 45 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 45 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ჩვენ ცენტრში ამჟამად არის 45 კოვიდინფიცირებული. აქ დინამიური პროცესია, იცვლება დღის განმავლობაში, შემოდიან, ეწერებიან. ინფიცირებულებიდან შვიდი გახლავთ მძიმე, კრიტიკული არის სამი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და მიმდინარეობს მათზე მეთვალყურეობა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 11 271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 119-ს შეადგენს. ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა 78-ს შეადგენს.