თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ოთხი პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, პაციენტები კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდნენ.
რაც შეეხება კლინიკაში მყოფ სხვა პაციენტებს, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 56 პაციენტიდან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. მათ მძიმე პნევმონია აღენიშნებათ.
„ერთი გახლავთ კრიტიკული. ეს ქალბატონი გახლავთ ასაკოვანი, რომელსაც აქვს თანმხლები დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია, რომელიც ამ დაავადების დროს საკმაოდ რთული პროგნოზის მაჩვენებელია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.