თბილისის ინფექციურ კლინიკას შვიდი კოვიდინფიცირებული დაემატა, საიდანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა, სამი კი, მოზარდია
თბილისის ინფექციურ კლინიკას შვიდი კოვიდინფიცირებული დაემატა, საიდანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა, სამი კი, მოზარდია

თბილისის ინფექციურ კლინიკას შვიდი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეემატა, საიდანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთლიანად ქვეყანაში გუშინ დილის მონაცემებით ახალი კორონავირუსის 566 დადასტურებული ემთხვევა იყო, რაც 16-ით გაიზარდა და ახლა 582-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, გუშინ დილის მონაცემებთან შედარებით 23-ით გაიზარდა და ახლა 207-ია.

„მთლიანად ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში 368 პაციენტი მკურნალობს. წყაროები უცვლელია, ყველა წყარო ცნობილია. ჩვენგან გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული და გახდა 68. ასევე გვყავდა 40 პაციენტი დადასტურებული კოვიდინფექციით, დაგვემატა შვიდი ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან ერთი არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით. ეს არის მაღალი ასაკის პირი, რომელსაც თან არსებული დაავადებაც აქვს – მძიმე ჰიპერტონული დაავადებით არის ავად, ანუ რისკის მატარებელი პაციენტია ასაკით, თანმხლები დაავადებითა და არსებული მდგომარეობით. ამ ეტაპზე მდგომარეობა ასეთი გვაქვს, ვნახოთ, დინამიკაში როგორ განვითარდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისი თქმით, შვიდ ახალ პაციენტს შორის სამი მოზარდია.

„არის სამი მოზარდი და მათი მდგომარეობა არსებული კვლევებით, ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ვიმედოვნებთ, ასე გაგრძელდება. ჩვენ გვყავდა 11 მოზარდი, გუშინ გაეწერა ერთი და დაგვრჩა 10. ახლა სამი დაგვემატა. ამ ეტაპზე 13 მოზარდი გვყავს. მათი მდგომარეობა პროგნოზულად კეთილსაიმედოა არსებული მონაცემებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, თბილისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ხუთს მძიმე პნევმონია აღენიშნება, თუმცა ისინი პრობლემურ პაციენტებად არ მოიაზრებიან.

„ჩვენთან 47 დადასტურებული პაციენტი რჩება. ერთი კრიტიკული გვყავს, ხუთი კი, მძიმე პნევმონიით, გუშინ სამი გვყავდა მძიმე პნევმონიით. ახალშემოსულებიდან ორთან მდგომარეობა მძიმეა და პნევმონიაც მძიმეა, თუმცა მდგომარეობა არ არის განსაკუთრებით მძიმე და პრობლემურ პაციენტებად არ მოიაზრება ეს ხუთი პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ კლინიკას არ ჰყავს ინფიცირებული პერსონალი და მათთან არც ერთი ექიმი არ მკურნალობს.