თბილისის „დინამომ“ იმრან ულად-ომარი საქართველოში დააბრუნა #1TVSPORT
იმრან ულად-ომარი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია. თბილისურმა გუნდმა ევროტურნირებამდე საქართველოში რუსეთიდან დააბრუნა მაროკოელი ნახევარმცველი, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს თავი თბილისის „ლოკომოტივში“ კარგი თამაშით დაამახსოვრა.
„იმრან ულად-ომარი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია. მოთამაშე ჩვენს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. ულად-ომარი „დინამო თბილისს“ უკვე შეუერთდა. ახლაგაზარდა ნახევარმცველმა პირველი ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით ჩაატარა, მომდევნო დღეებში კი, ძირითად ჯგუფს შეუერთდება“, – წერია „დინამოს“ პრეს-სამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
წარმოშობით მაროკოელი, ნიდერლანდების პასპორტის მქონე ფეხბურთელის ბოლო კლუბი ვოლგოგრადის „როტორი“ გახლდათ, სადაც ათი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
სხვადასხვა დროს იმრანს ნიდერლანდურ, სლოვაკურ და რუმინულ კლუბებში უასპარეზია. 2020-22 წლებში თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა. ამ კლუბის მაისურით შემტევმა ნახევარმცველმა 50 შეხვედრაში გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 9 საგოლე გადაცემა. იმრან ულად-ომარმა თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად უეფა-ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში იასპარეზა.