თბილისის ცენტრში სარკინიგზო მაგისტრალი შესაძლოა, 8-კილომეტრიან გვირაბში მოექცეს
თბილისის ცენტრში სარკინიგზო მაგისტრალი შესაძლოა, 8-კილომეტრიან გვირაბში მოექცეს. ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, ასეთი გეგმა აქვს „საქართველოს რკინიგზას“. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება გვირაბის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ უნდა მიიღონ.
„საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გიორგი ზაზაშვილის განცხადებით, გვირაბის მშენებლობა ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც რკინიგზის ტექნიკურ პარამეტრებს გააუმჯობესებს. გვირაბის მეშვეობით როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მატარებლების გატარება იქნება შესაძლებელი. თბილისის ცენტრალური სამგზავრო სადგური ამ შემთხვევაში „დიდუბე“ იქნება.
„საქართველოს რკინიგზის მიერ ჩატარდა არაერთი კვლევა. უამრავი გაანგარიშებები, სცენარები იქნა განხილული, რომელთა შედეგად დადგინდა, რომ ერთადერთი გამართლებული სცენარი იქნებოდა, აგვეშენებინა გვირაბი, რომელიც დააკავშირებს სადგურ „თბილისი-საკვანძოს“ (ნავთლუღის ტერიტორიას) მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიასთან. ჩვენი გათვლებით, დასავლეთ პორტალი უნდა განთავსდეს მეტრო „გოცირიძის“ მიმდებარედ. ამ სცენარით, ჩვენ ძალიან ბევრ სიკეთეს ვიღებთ. შეგვეძლება უბანზე სიჩქარეები გავზარდოთ, გაიზრდება გამტარუნარიანობა. ასევე, რადიკალურად მცირდება მოვლა-შემოვლისა და ოპერირების ხარჯები. არსებულ გზასთან შედარებით, ვღებულობთ ძალიან დიდ დანაზოგებს. გაუმჯობესდება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებების მომსახურების კუთხითაც“, – განაცხადა ზაზაშვილმა.
რკინიგზაში გვირაბის მშენებლობის სავარაუდო ღირებულებას არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ თითქმის იგივე თანხა საჭიროა შეჩერებული პროექტის – შემოვლითი რკინიგზის გაუმჯობესებისთვის. თუმცა, მისი დასრულებით რკინიგზა მაინც გაუარესებულ ტექნიკურ პარამეტრებს მიიღებს.
„თბილისის შემოვლითი რკინიგზა არ ყოფილა რკინიგზის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი. მისი განხორციელების შემთხვევაში, რკინიგზის ტექნიკური პარამეტრები მკვეთრად გაუარესდებოდა. მაგალითად, 60 პროცენტით გაიზრდებოდა მოვლა-შენახვისა და ოპერირების ხარჯები“, – აღნიშნავს ზაზაშვილი.