„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორისა და ექიმის ადვოკატი აცხადებს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ბრალდებას არ აღიარებენ
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორისა და ექიმის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ბრალდებას არ აღიარებენ

სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით დაკავებული „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორისა და ექიმის ადვოკატი, სალომე ჯანუაშვილი აცხადებს, რომ ის გარემოებები, რასაც პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ედავება, სიმართლეს არ შეესაბამება და დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

როგორც ადვოკატი ამბობს, საქმესთან დაკავშირებით უფრო დეტალურად მას შემდეგ ეცოდინება, რაც დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ და ბრალდების დოკუმენტს გაეცნობა.

„ბრალის წარდგენის პროცედურა ახლა იქნება. შევდივარ დროებითი მოთავსების იზოლატორში, რომ შევხვდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. ასევე იქ შემოვა ბრალდების მხარეც, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი და ბრალის წარდგენის პროცედურა გაიმართება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ იმ გარემოებებს, რასაც ბრალდების მხარე ედავება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, არც ერთი მათგანი არ აღიარებს. კლინიკაში კონკრეტული პაციენტის მიმართ ყველა მოქმედება, ოპერაცია და პროცედურა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ლიცენზიის მქონე, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. პაციენტისთვის და მისი ოჯახისთვის არასწორი მოლოდინი არც ექიმს და არც თავად კლინიკის წარმომადგენელს არ შეუქმნია და შესაბამისად, ის ბრალდებები, რომლებიც პროკურატურამ ბრიფინგზე დაასახელა, საერთოდ შეუსაბამოა და გამორიცხულია, ამან სასამართლოში რაიმე სახის დადასტურება მოიპოვოს.

საქმესთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ბრალის წარდგენის პროცედურის გავლისა და ბრალდების დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ შევიტყობ“, -განაცხადა ჯანუაშვილმა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.