თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე სამარშრუტო ტაქსები სავარაუდოდ აღარ იმოძრავებენ
მიკროავტობუსები ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან – მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება გახდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.
„ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე ვსაუბრობთ. ეს გარდაუვალი პროცესია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვან პროცესშია. უახლოეს პერიოდში მოწოდებული იქნება საბოლოო ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ ქსელთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ხამალაძემ.
მისი თქმით, გარკვეული მოდიფიცირება ყვითელი მიკროავტობუსების ქსელსაც შეეხება.
„მეტად ინტეგრირებული იქნება ძირითადი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელთან და მათთან ურთიერთობაში გარკვეული გადახედვა იქნება. გადახედვა გაუქმებას არ ნიშნავს. მოხდება სამარშრუტო ქსელის მოდიფიცირება, მათი ქსელის ინტეგრირება ცენტრალურ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან. მიკროავტობუსები ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან, მეტროსთან და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება გახდება“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
მისი თქმით, ახალი სცენარით სავარაუდოდ მიკროავტობუსები ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდასაუბნო არეალებში გადავა და ცენტრალურ სატრანსპორტო ჰაბებთან დამაკავშირებელი საშუალებები იქნება.
„ცენტრალურ ქუჩებს მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები აითვისებენ, რომლის სრულად განახლებასაც თბილისის მერია აკეთებს. სამარშრუტო ტაქსების ცენტრალური ქუჩებიდან გაყვანა ეტაპობრივად მოხდება. დღეს თარიღებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ვცდილობთ, ქსელის განახლება უმოკლეს დროში დაიწყოს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.