თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ემატება
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ემატება

თბილისში მიკროავტობუსების რამდენიმე ახალი მარშრუტი ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დაპირება აუცილებლად შესრულდება და წლის ბოლომდე მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განახლდება.

„იცით, რომ დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანად განახლება, მოწესრიგება. ჩემი დაპირება იყო, რომ წლის ბოლოსთვის მიკროავტობუსების პარკიც მთლიანად იქნებოდა განახლებული, მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებთ. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალ მარშრუტებთან დაკავშირებით, რომლებიც ემატება იმ უბნებს, ქუჩებს, რაიონებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, არ გადაადგილდებოდა. გეტყვით, რომ ეს არის ნომერ 421, 443, 446 მარშრუტები. ძირითადად, ეს იქნება მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ ზღვისუბანთან დამაკავშირებელი, სოფელ დიღმიდან საბურთალოსა და მთაწმინდის რაიონებთან დამაკავშირებელი ხაზები. ასევე, სოფელ დიღმიდან სოფელ დიდგორსა და თელოვანთან დამაკავშირებელი მარშრუტები. როგორც გუშინ ვთქვი, ახლად რეაბილიტირებულ ინგუშეთისა და მაისურაძის ქუჩაზე ინიშნება მარშრუტი, რომელიც ამ ქუჩებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ დააკავშირებს, რაც ძალიან კარგია. გარდა ამისა, მარშრუტები 454, 494 ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ 54-ე და 104-ე მარშრუტებს.

ყველა მარშრუტზე, რომლებიც მე ჩამოვთვალე, იმოძრავებს ახალი ლურჯი მიკროავტობუსები. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ წლის ბოლოსთვის მიკროავტობუსების პრობლემა იქნება მოხსნილი. არც ერთი ყვითელი ე.წ. მარშრუტკა არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება განახლებული, მოწესრიგებული მიკროავტობუსები, რომლებიც მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი ხაზები შემდეგ მიმართულებებს მოემსახურება:

N421 მარშრუტი მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ ურეკის ქუჩის გავლით, ზღვისუბნის XI-III-IV მიკრორაიონებს მოემსახურება.

N441 მარშრუტი გადაადგილდება სოფელი დიღმის ცენტრიდან ამავე სოფელში, რუსთაველის, ყაზბეგისა და ფიროსმანის ქუჩების მიმართულებით.

N443 მარშრუტი სოფელი დიღმის ცენტრიდან მოემსახურება სოფელ დიდგორსა და სოფელ თელოვანს.

N446 მარშრუტი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით გადაადგილდება მაისურაძისა და ინგუშეთის ქუჩების მიმართულებით.

N454 მარშრუტი მოემსახურება ვარკეთილის III ა მიკრორაიონს მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და ჩაანაცვლებს მარშრუტს – N54.

N494 მარშრუტი მოემსახურება მუხიანის აგარაკებში ვარდისუბნის ქუჩას მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“. ამავდროულად, ჩაანაცვლებს მარშრუტს – N104.