თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი - ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება
თბილისის ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ახალი ველობილიკის, საფეხმავლო ბილიკის, ასევე ვიზიტორთა ცენტრისა და პარკინგის მოწყობას გულისხმობს, – ამის შესახებ თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ განაცხადა.
როგორც დარჩიძემ განაცხადა, ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება.
„ეს ხეობა შთამბეჭდავია ღირსშესანიშნაობებით. მისი განვითარება ხელს შეუწყობს ტერიტორიის მოვლას და ამ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების ხელმისაწვდომობას მოქალაქეებისათვის. ბოტანიკური ბაღისთვის იქნება ალტერნატიული შემოსასვლელი, ახალი ტერიტორია, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მისცემს მას, გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას და შემოსავლებს, რომელიც, თავის მხრივ, მოხმარდება ბოტანიკური ბაღის ძირითადი მიზნების შესრულებას“, – განაცხადა თამაზ დარჩიძემ.
მისი განცხადებით, ალტერნატიული შემოსასვლელი კოჯრის გზატკეცილიდან წავკისის წყლის ხეობაში, თამარის ხიდთან გაკეთდება. ჩასასვლელი საფეხმავლო ბილიკებით იქნება და მათ შორის, შესაძლებელია, ელექტრომობილის ბილიკით დაუკავშირდეს ბაღის ცენტრალურ მარშრუტს.
„იცით, რომ ბაღთან დაკავშირება მეტნაკლებად გართულებულია. ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ბაღისთვის, რომ მიიღოს ვიზიტორები. მივესალმებით ფონდ „ქართუს“ ინიციატივას ამ პროექტის მხარდაჭერის თაობაზე. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე წავკისის წყლის საპროექტო ტერიტორია ერთ მესამედ ნაწილზე ხვდება, ამიტომ ძირითადი მარშრუტი გადის ამჟამად მუნიციპალურ ტერიტორიაზე. პროექტის დასრულების შემდგომ, ბოტანიკური ბაღის ტერიტორია შესაძლოა, 4 ჰექტარით გაიზარდოს. ხოლო ტურისტული და სათავგადასავლო მარშრუტის სიგრძემ შესაძლოა, 5 კმ-ს გადააჭარბოს. აღსანიშნავია, რომ წავკისის წყლის რესურსის გამოყენება ბოტანიკური ბაღის სასარგებლოდ, უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციაც იყო.
პროექტის სირთულიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ბილიკზე არ არის საუბარი, უნდა განვითარდეს დამატებით ვიზიტორთა ინფრასტრუქტურა, რისთვისაც მიმდინარეობს პროექტირება. პროექტის სრულად დასრულებას სავარაუდოდ, ორი წელი დასჭირდება, მაგრამ შესაძლებელია ბილიკზე პირველი ვიზიტორები წელს მივიღოთ“, – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა.