ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს
ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს

ბოტანიკური ბაღი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ფუნქციით, ადგილმდებარეობით და ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ბოტანიკურ ბაღს და წავკისის წყლის ხეობას მოიცავს, სადაც მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენტრი.

„ბევრი განვითარებული ქალაქი ინატრებდა ასეთ ადგილს ქალაქის ცენტრში, თუმცა, მგონია, რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა, ეს კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ, გავხადოთ მიზიდულობის ცენტრი. ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს ბოტანიკურ ბაღს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს პროექტი, დაწყებული ბოტანიკური ბაღიდან წავკისის წყლის ხეობას მთლიანად მოიცავს. ეს არის საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა, ასევე სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა. პროექტის განხორციელებით ბოტანიკურ ბაღს გაუჩნდება ალტერნატიული შემოსასვლელი, სადაც მოეწყობა საპრკინგე ადგილები და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბაღს კიდევ დამატებით ფუნქციას შევძენთ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ველომოყვარული ადამიანია და შესაძლებლობა ექნებათ ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ხეობაში და ულამაზეს ადგილას ველოსიპედით გაიარონ ეს ძალიან გრძელი, დაახლოებით ოთხი კილომეტრზე ცოტა მეტი გზა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.

„მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს ამ საჩუქარს ფონდი „ქართუ“ უკეთებს. მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ კიდევ ერთი საჩუქრისთვის. ვფიქრობ, ამ პროექტით ძალიან ბევრი ადამიანი კმაყოფილი დარჩება და რა თქმა უნდა, ამით ბოტანიკურ ბაღს გავხდით მიზიდულობის ცენტრს. ვმუშაობთ პროექტზე. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, არის გაწმენდითი სამუშაოები. როგორც კი პროექტი დასრულდება, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.