თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი - ბაღების, სკვერებისა და პარკების ხარჯზე მშნებლობის ნებართვის გაცემას არ ვაპირებთ
თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობასთან, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერს არც ახლა და არც მომავალში არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, – ამის შესახებ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, თემურ ბოლოთაშვილმა განაცხადა.
ბოლოთაშვილი აქციის მონაწილეებს გამოეხმაურა, რომლებმაც ვაკე-საბურთალოს გამგეობის ეზოში სკვერის კერძო საკუთრებაში შესაძლო გადაცემა გააპროტესტეს.
მისივე ინფორმაციით, ბაღების, სკვერებისა და პარკების ხარჯზე მშნებლობის ნებართვის გაცემას არ აპირებენ.
„მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს განზრახული ჰქონდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, თუმცა მუნიციპალური შესაბამისი სამსახურების ჩართულობის შედეგად ამ ეტაპზე მათგან წარმოდგენილია განაცხადი ოთხსართულიან საოფისე ფუნქციის შენობა-ნაგებობის არქიტექტორული პროექტის განხილვაზე. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ასევე საგულისხმოა რომ იქ მიმდებარე სკვერს არც ახლა და არც მომავალში არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ბაღების, სკვერებისა და პარკების ხარჯზე არ ვაპირებთ მშნებლობის ნებართვის გაცემას.
მოსახლეობასთან კომუნიკაციას რაც შეეხება, გამგეობა აქტიურად არის ჩართული.მოსახლეობასთან კომუნიკაციაში და შესაბამისად ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს. მარტივად შეგიძლიათ საკადასტროზე ნახოთ, აღნიშნული ნაკვეთი არის მომიჯნავედ სკვერის და სკვერს არც ახლა და არც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საფრთხე არ დაემუქრება“,- განაცხადა ბოლოთაშვილმა.