სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორები თბილისში აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მაღალი რისკის სურსათის ხორცისა და რძის პროდუქტების სექციებზე.
უწყების ცნობით, მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება და მიკვლევადობა.
„ამჯერად, გამოვლენილი დარღვევების გამო, დაჯარიმდა ოთხი ბიზნესოპერატორი, რომელთაგანაც ორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა.
მიმდინარე წელს საქართველოს აგრარულ ბაზრებში 161 ბიზნესოპერატორის ინსპექტირება განხორციელდა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 200-ზე მეტი ობიექტი, დაჯარიმდა 53, რომელთაგანაც ოთხს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, ხოლო 18 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
შეუსაბამობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი მითითებები და უმეტესობას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, საქმიანობის უფლება აღუდგა.
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აგრარული ბაზრების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშის აღება“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.