თბილისის 76-ე ბაღის აღსაზრდელთა მშობლები სასწავლო პროცესის განახლებას ითხოვენ
თბილისის 76-ე ბაღის აღსაზრდელთა მშობლები სასწავლო პროცესის განახლებას ითხოვენ

თბილისის 76-ე ბაღის აღსაზრდელების მშობლების ნაწილი სასწავლო პროცესის განახლებას ითხოვს. ამ მიზნით დღეს ისინი ბაღში მივიდნენ და ადმინისტრაციას საკუთარი მოთხოვნა გააცნეს.

ამასთან, მშობლებს ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბაღის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მისივე განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, განახლდება თუ არა ორხევში მდებარე 76-ე  ბაღში სასწავლო პროცესი.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა თავად ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. კახაბერ გვანცელაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გეოლოგებთნ მოლაპარაკება, რათა შეისწავლონ მდგომარეობა და დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, 76-ე ბაღში განახლდება სწავლა, თუ საჭირო იქნება ალტერნატიული ფართის მოძიება.

76-ე ბაღში სასწავლო პროცესი 18 ნოემბერს, „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლების რეკომენდაციით შეწყდა. მიზეზი ბუნებრივი აირის სუნი გახდა. მშობლების განცხადებით, ტერიტორიაზე სუნი ნამდვილად იგრძნობოდა, თუმცა ეს საშიში არ არის და სწავლის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის.