თბილისის 43 ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების ქსელის მონტაჟი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
„თბილისის 43 საჯარო ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა ინვენტარის დასამონტაჟებლად ელექტროქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ელ +“ ატარებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინვენტარი, რომელსაც საჯარო ბაღებში დაამონტაჟებენ, მოიცავს კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს, ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებს.
„ამ დროისათვის, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში დაცულია სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული 43 ბაღი სრულად იქნება აღჭურვილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად“, – აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
პროექტის ღირებულება 470 000 ლარია. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ არსებული მდგომარეობის მონიტორინგი დამატებით 71 ბაგა-ბაღში გრძელდება.