თბილისის N 47 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი დაიწყო
თბილისის N 47 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის N 47 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო. ავარიული შენობის დემონტაჟის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ბაგა-ბაღი აღნიშნულ შენობაში ამ დრომდე ფუნქციონირებდა, ახალი სააღმზრდელო წლიდან კი მისი კონტინგენტი ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდება.

„N47 ბაგა-ბაღის შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მისი დემონტაჟი დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ ბაღების სააგენტოს უკვე მომზადებული აქვს პროექტი, რომლის განხორციელებასაც მომავალ წელს დავიწყებთ და ჩვენს პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაგა-ბაღს ავუშენებთ“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება, რომელმაც დემონტაჟის მსურველი კომპანია აუქციონის გზით გამოავლინა. კომპანიას ტერიტორიის გასუფთავებისთვის სამთვიანი ვადა აქვს.

თბილისის N47 ბაგა-ბაღში, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ.