თბილისის 21-ე სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა, ინფიცირებული მოსწავლის თანაკლასელები სწავლას დისტანციურად განაგრძობენ
21-ე საჯარო სკოლაში, სადაც პირველკლასელ მოსწავლეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.
სკოლის დირექტორის, თამარ ამზაშვილის განცხადებით, თვითიზოლაციაში გადავიდნენ მხოლოდ იმ კლასის მოსწავლეები, სადაც ვირუსი დაფიქსირდა.
მისივე თქმით, 29 მოსწავლე სწავლას ონლაინ რეჟიმში განაგრძობს, ხოლო მასწავლებელი, რომელმაც კოვიდინფექციის გამოვლენამდე კლასში გაკვეთილი ჩაატარა, სახლში იმყოფება.
„ეს ინფორმაცია ჩვენთვის გუშინ გვიან გახდა ცნობილი. 23:30 საათი იყო, როდესაც მშობელმა პირადად შემატყობინა. მას მერე დავრეკე დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ასევე ინფორმაცია მივაწოდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ჩვენთან სწავლა 12:00 საათზე იწყება. დღის პირველ ნახევარში საშუალება გვქონდა, გაგვეტარებინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოცემული რეკომენდაციები.
სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა. უშუალოდ იმ პირველ კლასში, სადაც კოვიდის შემთხვევა დაფიქსირდა, მშობლებმა არ მიიყვანეს ბავშვები. მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. კლასი, სადაც კოვიდი დაფიქსირდა, დღეიდან გადავიდა ონლაინ რეჟიმზე და ბავშვები იქნებიან თვითიზოლაციაში. 29 ბავშვზეა საუბარი.
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია ჩვენი ძალებით, ძალიან სერიოზული ხსნარებით ვართ მომარაგებული. დეზინფექციას გაკვეთილების დაწყების წინ და დღის ბოლოს ისედაც ყოველ დღე ვაკეთებთ, თუმცა ამ ამბის გაჟღერების შემდეგ, რასაკვირველია, გაათმაგებული ძალებით მოხდა დამუშავება“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.
რაც შეეხება ინფიცირებულ პირველკლასელს, მისი ინფორმაციით, ბავშვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
„ბავშვი არის უსიმპტომო. დაავადებათა კონტროლის ცენტრს 09:00 საათზე გადავეცით ყველა იმ ბავშვის სია, რომელიც ამ კლასში ირიცხება, მათი საკონტაქტო ნომერი, დამრიგებლის საკონტაქტო ნომერი. ეპიდემიოლოგებმა დღეს დილიდან დაიწყეს მათთან მუშაობა.
რაც შეეხება მასწავლებელს, რომელმაც მათ პარასკევს ჩაუტარა გაკვეთილი, სკოლაში არ იმყოფება, სახლშია. ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ, რა რეჟიმში იმუშავებს მასწავლებელი“, – განაცხადა თამარ ამზაშვილმა.