თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი” დღეს გაიხსნა [ფოტო]
თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი” დღეს გაიხსნა [ფოტო]

დღეს თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი” გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე პირველი ქართული ანიმაციური ფილმი „არგონავტები” აჩვენეს, რომელიც 1935 წელს არის გადაღებული.

გახსნაზე ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ძველი ქართული ფილმების აფიშები გამოიფინა.

რაც შეეხება საკონკურსო პროგრამას, წელს ფესტივალისთვის 11 ქვეყნის 25 ფილმი შეირჩა. გამარჯვებულებს ჟიური ოთხ ნომინაციაში გამოავლენს: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმი და ჟიურის გრან-პრი.

უცხოელ კოლეგებთან ერთად, ფილმებს ჟიურის ქართველი წევრები, ნატა მურვანიძე და ზაზა ხალვაში შეაფასებენ. საფესტივალო ჩვენება ხვალიდან დაიწყება, როგორც მსახიობმა ნატა მურვანიძემ პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, ფესტივალი ახალგაზრდებს ძალიან საინტერესო გამოცდილებას აძლევს.

„საერთოდ სტუდენტური ფილმები ბევრად უფრო სუფთაა, ზედმეტი გავლენებისგან თავისუფალი და ყოველთვის გულწრფელი. თვითმყოფადობის გზაზე დგებიან და რაც უფრო დამოუკიდებლები იქნებიან, მით უფრო საინტერესო იქნება მათი ნამუშევრები“, – განაცხადა პირველ არხთან ნატა მურვანიძემ.

ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია მასტერკლასები, კინოჩვენებები და სხვა სტუდენტური ღონისძიებები.

გამარჯვებულებს ჟიური 3 ივნისს გამოავლენს.