ლევან ვასაძე - ჩვენი ზღაპრული, მშვიდი ქვეყანა, რომელიც ასე გვიყვარს, ჯოჯოხეთად არის გადაქცეული
ლევან ვასაძე - ჩვენი ზღაპრული, მშვიდი ქვეყანა, რომელიც ასე გვიყვარს, ჯოჯოხეთად არის გადაქცეული

ამდენი წელია, მესმხიან თავს, შეურაცხმყოფენ, ცილს მწამებენ, მამცირებენ ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ტრადიციების ერთგულების გამო, რა ვქნა, რით აღვუდგე ამ საშინელებას, როგორ შევაჩერო, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა.

ბიზნესმენმა კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ თანამოაზრეებს სიტყვით მიმართა.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისთვის, არ დავუშვათ საქართველოში ჩვენი ერის ტრადიციის, სულიერი საგანძურის უკიდურესი შეურაცხყოფის საჯარო ფაქტი. ჩვენი ერი, რომელიც 70 წლის განმავლობაში ებრძოდა მარქსიზმს და ეგონა, რომ გათავისუფლდა ტოტალიზარიზმისგან, აღმოჩნდა ტოტალიტარული მეორე იდეოლოგიის  საკანში, რომელსაც ლიბერალური ტოტალიტარიზმი ან გლობალური  ლიბერალიზმი ჰქვია. ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენი ერის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვიხაროდა და გვიხარია მარქსიზმის დანგრევა, სულ უფრო და უფრო ცუდად მიდის. როდესაც ჩვენთვის, ყველასთვის, საძულველი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ თითქმის ექვსი მილიონი ვიყავით, ახლა თითქმის სამი მილიონიღა დავრჩით. თუ ჩვენს მიერ საძულველი საბჭოთა იმპერიის დანგრევის ჟამს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლები ცხოვრობდა, ახლა არც კი ვიცით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. თუმცა, ჩვენ ვრჩებით ანტიმარქსისტულ ეროვნულ ადამიანებად, ის კატასტროფა, რაც გვჭირს ბოლო 30 წლის განმავლობაში, არის მიზანმიმართული იდეოლოგიური მუშაობის შედეგი. ამ იდეოლოგიის მიზანია, აქციოს საქართველო პლაცდარმად ერთმანეთში მეომარ იმპერიებს შორის ბრძოლისათვის და ამ მიზნით ჩვენს ერს უნდა დააკარგვინონ ეროვნულობა, იდენტობა, ტრადიცია და პატივისცემა საკუთარი სასულიერო ღერძისა. ამისათვისაა, რაც კეთდება ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში. სრულიად უკონტროლო, აღვირახსნილი, აბორტების, პორნოგრაფიის, აზარტული თამაშების, კაზინოების, ნარკოტიკების პოლიტიკა შეუქცევადად ანადგურებს ჩვენს ერს. მიზანმიმართული მცდელობა ჩვენი ახალგაზრდების გადაჯიშებისა და გადაგვარებისა, ყოველგვარი სიბინძურის და გარყვნილების დაუღალავი პროპაგანდა. ეს ჩვენი ზღაპრული, მშვიდი ქვეყანა, რომელიც ასე გვიყვარს, გადაქცეულია ჯოჯოხეთად“-აღნიშნა ვასაძემ.

მისივე თქმით, გადაიღეს ფილმი, რომელიც არის პირდაპირ სულში ჩაფურთხება ყველა ქართველისთვის.

„შეგვარცხვინეს მთელ მსოფლიოში ამ ფილმით. განიზრახეს საჯარო ჩვენება ამ ფილმისა, რათა მომავალ თაობას უთხრან, აღარ არის საქართველო, აღარ არსებობს მისი წესიერება. ამას გიკეთებთ ის ხალხი, ვინც შეურაცხყო პატრიარქი და გამუდმებით ებრძვის ჩვენს ერს. თუ ჩვენ დღეს ამ საშინელებას წინ არ აღვუდგებით, ადამიანებს აჩვენებენ, რომ აღარ არსებობს აღარაფერი წმინდა. სიმართლე გითხრათ, მე, როგორც ერთ-ერთ თქვენს ძმას, ერთ-ერთ თქვენს თანამოქალაქეს, რომელსაც ამდენი წელია, არავის თავს არ გაცოდებთ, ასე მესმხიან თავს, ასე შეურაცხმყოფენ, ასე ცილს მწამებენ, ასე მამცირებენ ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ტრადიციების ერთგულების გამო, რომელსაც მეჩვენება, რომ უკვე ყველაფერი ვნახე, კითხვა გამიჩნდა, რა ვქნა მე, რით აღვუდგე ამ საშინელებას, როგორ შევაჩერო ის? ეშმაკმა, ბოროტმა ძალამ მაშინვე მომახვია თავს შეკითხვები, გამომეხმაურება ხალხი, მოვა? დამიდგება გვერდში, რომ ვთქვა, ეს არ შეიძლება? საქართველო შერცხვება და სამუდამოდ დაიღუპება, თუ მას ასეთი რაღაცეების ადგილად გავხდით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ეწინააღმდეგება. მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ სეანსებს ჩაშლიან.

დატოვე კომენტარი