უამინდობის გამო, ავიაკომპანია Air Astana-მ თბილისიდან ალმათის მიმართულებით ფრენა გააუქმა. როგორც მგზავრებმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადეს, ფრენა კვირისთვის გადაიდო. მგზავრები სასტუმროში დაბინავდებიან. შესაბამის ხარჯებს ავიაკომპანია აანაზღაურებს.
„კვირას 22:45 საათზე გაფრინდება რეისი. დღეს 23:20-ზე უნდა გავფრენილიყავით. თქვეს, რომ რეისი გადაიდო პირველის ნახევრამდე, შემდეგ გვითხრეს, რომ კვირას გაფრინდება“ – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა თევდორე ებანოიძემ.
უამინდობის გამო, ასევე გააუქმა ფრენა Turkish Airlines-მა სტამბოლის მიმართულებით.
იქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი რეისი გაუქმდა, ხოლო ორი გადამისამართდა.
გაუქმდა SCAT Airlines-ის რეისი აქტაუ-თბილისი-აქტაუს მიმართულებით, ასევე, Turkish Airlines-ის რეისი სტამბოლი(გოგჩენი)-თბილისი.
ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად აქტაუში გადამისამართდა Air Astana-სრეისი, რომელიც ალმათიდან ხორციელდებოდა და აშხაბადში გადამისამართდა China Southern Airlines-ის რეისი, რომელიც ურუმჩიდან მოფრინავდა.