თბილისიდან აბუ-დაბის მიმართულებით რეგულარული სამგზავრო ფრენები განხორციელდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელება იწყება. საჰაერო რეისებს ავიაკომპანია „ეტიჰედ ეარვეისი“ (Etihad Airways) შეასრულებს.
ფრენები 2020 წლის მარტიდან დაიწყება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირი რეისები ყოველდღიურად, „ერბას 321“ (Airbus 321) ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
აქამდე თბილისიდან აბუ-დაბიში პირდაპირი რეგულარული სამგზავრო ფრენები არ ხორციელდებოდა. 2013 წლიდან სატვირთო გადაზიდვებს ასრულებს ავიაკომპანია „ეტიჰედ კარგო“ (Etihad Cargo).
Etihad Airways 2003 წელს დაფუძნდა. დღეისათვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების რიგით მეორე უმსხვილესი ავიაკომპანია ფრენებს 400 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს.