„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ სპეციალური საჭიროების მქონე პირთა და უმაღლესი სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის ორგანიზებული ლიტერატურული ბანაკი დაიწყო. ბანაკის მონაწილეებისთვის ჩატარდება სალექციო კურსი ქართული ლიტერატურის, დრამატურგიის, ლიტერატურული ტექსტის ანალიზისა და კრიტიკის თემაზე.
უკვე გაიმართა პირველი ლექციები. პროზაიკოსმა და ჟურნალისტმა, რუსუდან რუხაძემ წაიკითხა ლექცია სახელწოდებით „იცხოვრო, რომ მოჰყვე“, რომელშიც იდეების გენერირებისა და თხრობის, ასევე, ტექსტის აგების ტექნიკაზე ისაუბრა. ლიტერატურის კრიტიკოსმა ნიკა აგლაძემ ბანაკის მონაწილეებს 21-ე საუკუნის პროზისა და პოეზიის კრიტიკაზე მოუთხრო.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ინფორმაციით, მომდევნო დღეებში დაგეგმილია დრამატურგ ქეთი დევდარიანის ლექცია დრამატურგიის თავისებურების შესახებ, ხოლო მწერალი დათო ტურაშვილი ბანაკის მონაწილეებს ლიტერატურაში ომის თემასა და პროტესტის მნიშვნელობაზე გაესაუბრება.
ბანაკის ფარგლებში, ასევე, გაიმართება კინოჩვენებები და დისკუსიები.
პროექტის მიზანია, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე სალიტერატურო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის წახალისება. ასევე, ამ პროცესში სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჩართვა და სამომავლო პროფესიული შესაძლებლობების აღმოჩენა.
პროექტის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მონაწილეები შერჩეულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკ-ჯორჯიას“ მხარდაჭერით და USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის კონსულტაციების საფუძველზე.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.